ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს.
ჯოზეფ ბორელმა ჯო ბაიდენის სიტყვები გაიხსენა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი „ზედმეტად მკაცრი“ იყო.
„თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ შეგიძლიათ, ნაკლები იარაღი მიაწოდოთ, რათა უამრავი ადამიანის სიკვდილი თავიდან აიცილოთ. თუ საერთაშორისო საზოგადოება თვლის, რომ ეს ხოცვა-ჟლეტაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, შეიძლება, ჩვენ იარაღის მიწოდების საკითხზე დავფიქრდეთ,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
10 თებერვალს ისრაელმა ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც თავს აფარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამხედროებს უბრძანა, "მოემზადონ ოპერაციისთვის" ამ სამხრეთით მდებარე, სასაზღვრო ქალაქში, რომელიც პალესტინელებისთვის უკანასკნელ თავშესაფრადაა ქცეული.
გავრცელებული ინფორმაციით, რაფაჰს თავს აფარებს 1,3 მილიონი ადამიანი. ნეთანიაჰუს მხრიდან ჩაფიქრებულ შეტევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზიების და ვაშინგტონის მხრიდან. პალესტინელები ამბობენ, რომ გასაქცევი აღარსად რჩებათ.
გასული წლის 7 სექტემბერს დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.