სოფელ ერგნეთში IPRM-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება

13 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე ამ შეხვედრაზე მოითხოვს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შეჩერებას.


ერგნეთში ბოლო შეხვედრა გასული წლის 13 დეკემბერს ჩატარდა, სადაც მთავარი განსახილველი თემა 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის სალოცავთან, საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა იყო. ამ საკითხზე დისკუსია 117-ე შეხვედრაზეც გაგრძელდება.


შს სამინისტროს განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ, 2023 წლის 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.


ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.