უკრაინის მოკავშირეები - საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ.


საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. „ამ ფონზე, ჩვენი მიზანია, ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი გავხადოთ, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ ასევე ძლიერი და ერთიანი NATO-ს ერთგულნი ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, რათა ის ევროკავშირის სამსახურში ჩავაყენოთ და გავხადოთ ის იმაზე უფრო ინსტრუმენტული, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - წერია განცხადებაში.


საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს.

მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „უნდა მოელოდეს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ყველა უკანონო ქმედებისა და დანაშაულისთვის. ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ალიანსის ძალასა და გადაწყვეტილებაში, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი დუიმი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ქვეყნები გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში.