აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა „დემოკრატებთან“ ერთად სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც მისცა.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო.


„რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მაიორკასმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და გადაცდომები სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით.

მაიორკასსთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი სენატი განსაზღვრავს. CNN-ი იუწყება, რომ არსებობს მოლოდინი, ყველა „დემოკრატი“ ხმას მისცემს იპიჩმენტის უარყოფას, რადგან ისინი შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს ფარსს და სისულელეს უწოდებენ.

მაიორკასი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრია ბოლო თითქმის 150 წლის განმავლობაში, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს.

რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. თანამდებობიდან მინისტრის გადაყენებას სენატის თანხმობაც სჭირდება. სენატში, რომლის წევრთა უმრავლესობა დემოკრატია, მაიორკასის იმპიჩმენტს მხარდაჭერა არ ექნება.

აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, უწოდა რესპუბლიკელების არაკონსტიტუციური, პარტიული ანგაჟირების აღმაშფოთებელი მაგალითი, რომელიც წვრილმანი პოლიტიკური თამაშების გამო გამოიყენეს პატიოსანი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ.