აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა 14 თებერვალს განაცხადა "სერიოზულ საფრთხეზე ეროვნული უშიშროებისთვის" . CNN-ის წყაროს ცნობით, ეს საფრთხე უკავშირდება რუსეთს.
რესპუბლიკელი კანონმდებელი, მაიკ ტერნერი ითხოვს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გრიფი "საიდუმლო" მოხსნას ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, საიმისოდ, რომ "კონგრესმა, ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ღიად შეძლონ ამ საფრთხეზე პასუხისთვის საჭირო ნაბიჯების განხილვა."
ტერნერს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერნერის განცხადება ეხებოდა მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა რუსეთს და ოპერაციებს კოსმოსში.
შეგახსენებთ, კონგრესში მიმდინარეობს ინტენსიური დებატები იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს აშშ გლობალურ გამოწვევებს რუსეთისგან და სხვა მეტოქეებისგან. კონგრესმენთა ნაწილი თვლის, რომ საჭიროა მეტი გლობალური ჩართულობა, თუმცა ზოგიერთი კანონმდებელი, მეტწილად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მოკავშირეები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ კონგრესის კომიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეროვნულ უსაფრთხოებაზე, დღეს არის დაგეგმილი. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტერნერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.