პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში ომი „ადრე არ დაიწყო“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას არ ნანობს და მიიჩნევს, რომ NATO საჭირო აღარ არის.

ერთადერთი, რის გამოც შეიძლება, ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები უკრაინაში, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან,“ - ამის შესახებ მან "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ცდილობს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში და რომ პირველ ეტაპზე მას ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით სურდა.

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს,“ - აღნიშნა პუტინმა.


მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური“ სამხედრო ოპერაციის მიზეზი გახდა უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.

„მე არ მითქვამს, რომ უკრაინაში ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება რუსეთზე NATO-ს თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება. საუბარი ეხებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივ გაფართოებას, რომელში გაწევრიანებასაც კიევი გეგმავდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებდა და გვაწუხებს უკრაინის NATO-ში შეთრევის შესაძლებლობით, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო დღევანდელი უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე,“ - აღნიშნა პუტინმა.


რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტთან ინტერვიუში პუტინმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ „ძალადობდა“ კიევი დონბასზე და როგორ გადაარჩინა მოსკოვმა დონბასელები მათი „დამოუკიდებლობის აღიარებით" და შემდეგ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად აქვს“ გამოცხადებული და საჯარო სივრცეში ომის ხსენება აკრძალულია, პუტინმა ეს სიტყვა თავად გამოიყენა.