FT: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა

Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის დამტკიცება დაბლოკა.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ უნგრეთი არ დათანხმდა ახალ სანქციებს სიაში ჩინური კომპანიების არსებობის გამო.

მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ცოტა მეტი დრო ითხოვა შინაარსის გასაანალიზებლად.


გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ. სანქციების პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალი კვირის ოთხშაბათს მიაღწევენ.

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის სამიზნეც რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია იყო.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა დაამტკიცონ.