აზერბაიჯანი საქართველოს საზღვრამდე გზის გაფართოების სამუშაოს ასრულებს

აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე ბაქო-ალიათ-ღაზახის 130-კილომეტრიანი გზის განჯა-ღაზახის მონაკვეთზე მაგისტრალის 4 ზოლამდე გაფართოების პროექტი სრულდება.

აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, მაგისტრალი, განჯა-ღაზახი-საქართველოს საზღვარი, რომელიც „აბრეშუმის გზის“ განუყოფელი ნაწილია, 27,5 მეტრამდე გაფართოვდა, ხოლო გზის საფარი 4-6 ზოლისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია.


„მთავარი მაგისტრალი, ბაქო-ღაზახი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის გავლით გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპასა და აზიას შორის როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საავტომობილო ტრანსპორტირების გაზრდაში,“ - წერია განცხადებაში.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო სამ ლოტად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ და მეორე ლოტზე, ასევე, მესამე ლოტის ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო 2023 წლის 7 აგვისტოს 102 კმ საერთო სიგრძის განჯა-ღაზახბეილის მონაკვეთი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა გახსნა.

ამ მონაკვეთზე 1b ტექნიკური კლასის გზის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რაც აზერბაიჯანის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების 2019-2023 წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სულ 67 მიწისქვეშა გადასასვლელი, 19 საგზაო კვანძი და 17 ხიდი გაკეთდა.

ამჟამად სამშენებლო სამუშაო ღაზახბეილი-საქართველოს საზღვრამდე საავტომობილო გზის 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტის 102,2-130,15 კმ-ზე გრძელდება. მიმდინარეობს ახალი ნიადაგის დაგება, ასევე, წყალსადენების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ხიდების მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები ნატეხი ქვის საძირკვლისა და ასფალტობეტოვანი საფარის მოწყობაზე. პროექტის მიხედვით, საჭირო ადგილებზე ავტობუსის 28 გაჩერება დამონტაჟდება.