მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სტრატეგიული სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისა და შუა დერეფნის პროექტის განხორციელების მნიშვნელობას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დღეს ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი და პოზიცია, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა და შევქმნათ კონსტრუქციული გარემო რეგიონში უახლოეს მომავალში," - განაცხადა ფიდანმა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
„აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა. ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.