უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. ამას პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ საკანონმდებლო აქტის ბარათში მოყვანილი დეტალები მოწმობს.
გასული წლის ბოლოს უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში დაუშვებს. მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება და გავრცელება კვლავ დანაშაულად რჩება.
სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პრეპარატების მიღება კი, მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი.