საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს

საბერძნეთის პარლამენტმა 15 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ერთნაირსქესიან პირებს ქორწინების უფლება ექნებათ. კანონპროექტი 300-მანდატიან პარლამენტში 176-მა დეპუტატმა დაამტკიცა და მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.

კანონი ერთნაირი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას, დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები. საბერძნეთი არის ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ასეთი ოჯახების არსებობა.


მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრებმა თავი შეიკავეს ან მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, მან  მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. კანონის მიღებას პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უჭერდა მხარს. მისი თქმით, საბერძნეთმა „მამაცურად აღმოფხვრა სერიოზული უთანასწორობა.“


ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერძნები ამ საკითხზე ორად არიან გაყოფილნი. გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თვლის, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთნაირი სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას.

ლგბტ-თემის უფლებების დამცველები თვლიან, რომ კანონი ჯერ კიდევ უწესებს დაბრკოლებებს თემის წევრებს.

2015 წელს საბერძნეთმა დაუშვა სამოქალაქო პარტნიორობა ერთნაირი სქესის წყვილებს შორის, ხოლო 2017 წელს მათ გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება მისცა.