„რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ მათ ნავალნი ციხეში მოკლეს“ - გამოხმაურებები

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსის თქმით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა და ეს ფაქტია. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს," - განაცხადა რინკევიჩსმა.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა," - დაწერა რიში სუნაკმა. 


„ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ყველას დედამიწის გარშემო, ვინც ყველაზე ბნელ ვითარებაში იბრძვის დემოკრატიისთვის. მებრძოლები კვდებიან, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება,“ წერს თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.


ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მისი ფიქრები ნავალნის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა.

„ეს საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა,“ – წერს მეცოლა.


„ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ,“ - ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და აღელვებულია.


ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ მოკვდება, მთავარია, თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა.


ჯოზეფ ბორელი: შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით, მკაფიო ვიყოთ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწის, ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება გავრცელებული განცხადებით აღიარებს, რომ ნავალნი ციხეში მოკლეს. ის ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება თავიანთი წყაროებით ჯერ არ მიუღიათ.


„რუსეთის ხელისუფლება აქვეყნებს აღიარებას, რომ მათ ალექსეი ნავალნი ციხეში მოკლეს. ჩვენ ამის დასადასტურებლად ან იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება, რაიმე საშუალება არ გვაქვს,“ - წერს ლეონიდ ვოლკოვი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ნავალნის ადვოკატი იამალის ნახევარკუნძულისკენ გზაშია.

სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილშია. კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფებოდა, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.