პოლიტიკა
ახალი ამბები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „საფუძვლიან ეჭვებს“, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, ძალიან სამწუხაროს უწოდებს, მაგრამ მისივე შეფასებით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნავალნის გარდაცვალება გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში.“
„ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ (ნავალნის გარდაცვალება) გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასაც ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ ეს გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს.
ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა გაურკვეველ ვითარებაში. ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, „ენჯეოს“ ზოგიერთ წარმომადგენელი. დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი.
მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი. ოდნავ მორალი თუ აქვს, ადამიანმა როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში?
ძალიან გთხოვთ, დაგუგლოთ, რანაირ საკანში იჯდა ნავალნი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ორივე ფოტო და რანაირი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, არ არსებობს,“ – განაცხადა მდინარაძემ.
დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი, მდინარაძე პასუხობს: „მე გითხარით ამაზე, ორჯერ ცხადად და მაინც რაღაც სიტყვათა წყობა გინდათ გითხრათ, რა ახირებაა?! ეს რას ნიშნავს?!" “აბა ვისი მსხვერპლი შეიძლება იყოს, სააკაშვილის მსხვერპლი ხომ არ იქნება? 2012 წლამდე ნავალნი ქართულ ციხეში არ იჯდა და რის მიღწევა გინდათ?"