ორბანი: შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების საკითხს, უნგრეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს. ორბანის თქმით, ბუდაპეშტისა და სტოკჰოლმის დავა “დასასრულს უახლოვდება.”


„შვედეთის პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ,” - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პარლამენტი მუშაობას 26 თებერვლიდან დაუბრუნდება. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რატიფიკაციის პროცესი არ დაუსრულებია. თურქეთმა ეს ნაბიჯი 26 იანვარს გადადგა.