მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ამასთან, მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო' ბრაიენის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.