საფრანგეთი უკრაინას კამიკაძე-დრონებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლესი ტექნოლოგიის კამიკაძე-დრონებს გადასცემს. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ავითარებს კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ამჟამად ექსპერიმენტულია.


„უახლოეს კვირებში, უკრაინა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ამ უპილოტო საფრენ აპარატებს. ეს ასევე წარმოადგენს ამ ახალი თაობის აღჭურვილობის საბრძოლო ტესტირების შესაძლებლობას," - აღნიშნა ლეკორნუმ.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა 10 000 უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნა. მისი თქმით, 2024 წელს 7000-დან 9000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაივლის წვრთნას. საფრანგეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა უკრაინის დახმარების მხრივ. პარიზმა უზრუნველყო სამხედრო და ფინანსური დახმარება და მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.