19 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ცნობა ესპანეთში რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ. 2023 წლის ზაფხულში მაქსიმ კუზმინოვი უკრაინაში გაიქცა Mi-8 სამხედრო შვეულმფრენით და ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა.
„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ გარდაცვალების ფაქტი," – განუცხადა იუსოვმა RBC-უკრაინას. მას რუსი პილოტის გარდაცვალების მიზეზზე არ უსაუბრია.
იუსოვმა პილოტის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დააკონკრეტა.
2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ყოფილი GRU) ოფიცრებმა ტელეკომპანია „როსსია 1“-ის სიუჟეტში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ბრძანება კუზმინოვის ლიკვიდაციის შესახებ.
2023 წლის აგვისტოში რუსული Mi-8 ვერტმფრენი რუსეთიდან უკრაინაში გაფრინდა და მალე უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა. მოგვიანებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ სააგენტომ დაარწმუნა რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინი, რომ გაფრენილიყო უკრაინაში და ჩაებარებინა შვეულმფრენი. ორი ეკიპაჟის წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ბუდანოვის თქმით, მათი დახმარებით კუზმინოვის ყველა ნათესავმა ოპერაციის დაწყებამდე მოახერხა რუსეთის უსაფრთხოდ დატოვება.