CNN: რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში ძალების დიდ რაოდენობას აგროვებს

რუსეთი უკრაინის სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიეს ოლქში საკუთარ ძალებს მასიურად აგროვებს, - ინფორმაციას CNN-ი რუსულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, მობილიზებულია 50 000 რუსი ჯარისკაცი.


„ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსული ძალები ცდილობენ თავიანთი უპირატესობის გაძლიერებას აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკის ოლქის ავდიივკას რამდენიმე ნაწილში დროშის აღმართვის შემდეგ,“ - იუწყება ტელეკომპანია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით, მალინოვკისა და რაბოტინოს მიდამოებში მტრის 10 შეტევა მოიგერიეს. გენერალური შტაბის ცნობით, რუსებმა, ზაპოროჟიეს მიმართულებით, არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს.