სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის. ვარჰეი მიიჩნევს, რომ ეს ორმხრივი გზაა.
ევროკომისრის თქმით, ძალიან მკაფიოა, ის პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირში წევრობისთვის და მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ კავშირის წევრობა.
„ცხადია, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვდებთ წევრი ქვეყნების განკარგულებაში, მაგრამ ასევე კანდიდატი ქვეყნების განკარგულებაში, რათა საკუთარი თავი მოამზადონ, თუ ეს იქნება 2030 წლისთვის, მაშინ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ ეს იქნება ადრე, მაშინ მოემზადონ უფრო ადრეული პერიოდისთვის. ცალსახაა ის პირობები, რომელიც არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ეს პირობები შესრულდება.
თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, თუ არის მიწოდება კანდიდატი ქვეყნის მხრიდან, უნდა იყოს საპასუხო მიწოდებაც ევროკავშირის მხრიდან,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს.
„კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს და დივიდენდებს, რომელიც მას მოაქვს. არამხოლოდ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ, ევროკავშირისთვისაც. ამიტომ, თუ ჩვენი დღევანდელი დისკუსიიდან შეიძლება ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ეს არის ის, რომ ჩვენ მუშაობას დავაჩქარებთ, რათა ევროკავშირის გზაზე და ცხრა ნაბიჯის განხორციელების ფარგლებში შედეგების მიღწევა მოხდეს. იქნება ეს ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის განხორციელება, თუ ზოგადად ეკონომიკური რეფორმები, რათა საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი გახდეს.
ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს გაფართოების ამოცანების შესრულება არამხოლოდ შეუძლია, არამედ, მათი შესრულება სურს, რაც ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილებაში აისახა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამის გამოყენება მოხდეს. ამიტომ, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვთხოვთ, რომ დააჩქარონ მუშაობა სასამართლოს რეფორმის და რეფორმების დღის წესრიგის სხვა ნაწილებში. დღეს, ჩვენ ერთად განვიხილეთ ცხრა ნაბიჯი, რათა შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ჩვენც ვიყოთ მზად. სწორედ, ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, წინ ბევრი სამუშაო გველოდება და ის გადაწყვეტილება, რომ საქართველო კანდიდატი სახელმწიფო გახდა, ამას განაპირობებს,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.