„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა - რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას,“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ბორელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სხვაგვარი ურთიერთობით, რომელიც იქნება საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. ნებისმიერი სხვაგვარი საკითხით, რომელიც მათ შორის იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. ცხადია, რომ მე გავაკეთებ მაქსიმალურს, რათა მივაწოდო ეს გზავნილი უკრაინას და საქართველოს, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა.
რაც შეეხება მეორე ფრონტს, ეს გრძელი ისტორიაა. სერიოზულად არავინ განიხილავს ამას და მე ვერ ვხედავ, რომ ეს მოსალოდნელია უკრაინის მხრიდან და ზოგადად ვინმეს მხრიდან,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკრაინის მთავრობის წევრებისგან“ იყო მოწოდებები საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რასაც სამწუხარო უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.
„სამწუხაროდ, არაერთი განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა, - ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი... რაც ძალიან სამწუხარო იყო“, - განაცხადა კობახიძემ კითხვაზე, რას გულისხმობდა იგი, როდესაც უკრაინიდან საქართველოს „ომში ჩაბმის“ მცდელობაზე საუბრობდა.
„თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად, ვაწვდით ძლიერ ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელებისადმი“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს:
„ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, - და საამისოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, არ გამოიყენება საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივსდევთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.“