2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს საქართველოს ამბიციური გეგმაა.
„ერთი რამის თქმა შეგვიძლია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. და 2030 წელს - ეს წელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელის მიერ იქნა დასახელებული [გაფართოების წლად] - საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს ჩვენი ამბიციური გეგმაა, ეს ჩვენი ამბიციაა, და ჩვენ ძალიან ერთგულნი ვართ რეფორმების დღის წესრიგისადმი, იმ ნაბიჯებისადმი, რომლებიც ევროკავშირში წევრობისთვის არის გადასადგმელი. იმედი გვაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება,“ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში.
„ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. დღევანდელ საბჭოზე ჩვენ განვხილეთ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრირების პერსპექტივები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე დაფუძნებით. საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გაჯანსაღება პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წინსვლის ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დავუბრუნდით იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. ჩვენ ვახორციელებთ წარმატებულ რეფორმებს. ეს ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის,“ - აღნიშნა კობახიძემ.