საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ - ევროკომისარი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ როუმინგის სფეროში საქართველოს მთავრობამ სწრაფად გადადგა ნაბიჯები და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ. ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებამ უკვე ხელშესახები შედეგები მოიტანა, რის მაგალითადაც დაასახელა პროგრესი როუმინგის საკითხში.


გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, „ეს შეამცირებს როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯებს საქართველოში, ასევე, ქართველებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ და ცხოვრობენ ევროპაში.“

ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ეს „ისეთივე ხელშესახები მიღწევაა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.“

„როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება როუმინგის არეალში.“

2023 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს.


ევროკომისარმა ვარჰეიმ ასევე ახსენა SEPA - ერთიანი ევრო გადახდის სისტემა (Single Euro Payment Area), - რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს.

ვარჰეის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცა გამოხატა მზაობა, რომ როგორც კი საქართველო მზად იქნება, ბრიუსელი უკვე მზადაა პროცესის ფინალიზებისათვის.

მანვე განაცხადა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესება, რათა გადავიდეთ ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე.