„როგორც ნაციზმი დაგმეს, პუტინის სახელმწიფომაც იგივე ბედი უნდა გაიზიაროს," - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე გამოაქვეყნა.
ეს განცხადება მან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენის მონაწილეებს შეხვედრის დროს გააკეთა, რომელიც, მისი თქმით, იმ სასამართლო დარბაზში გაიმართა, სადაც ნაცისტური დამნაშავეების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი ჩატარდა.
„მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქები და სოფლები მიწასთან გაასწორეს. მსოფლიოში ყველას სმენია მასობრივი მკვლელობების შესახებ, რომლებიც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის დროშას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
შეუძლებელია პუტინის ომისა და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შედეგად განადგურებული ოჯახების ტკივილთან შერიგება. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ მილიონობით უკრაინელი, რომლებიც გადარჩნენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. როგორც ნაციზმი დაგმეს, პუტინის სახელმწიფომაც იგივე ბედი უნდა გაიზიაროს. მოვუწოდებ ყველას ვისაც შეუძლია, დაეხმაროს ჭეშმარიტი მშვიდობის დაჩქარებას.
ეს იყო ჩემი გზავნილი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენის მონაწილეებისთვის თემაზე: „რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის: გაკვეთილები ნიურნბერგიდან“. შეხვედრა გაიმართა ისტორიულ სასამართლო დარბაზში 600, სადაც ნაცისტური დამნაშავეების ნიურნბერგის სასამართლო პროცესი იყო," - წერს ზელენსკი.