უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა - ლუბინეცი

უკრაინამ რუსეთიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 უკრაინელი ბავშვის სახლში დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს.


„ჩვენ მოვახერხეთ 11 უკრაინელი ბავშვის სახლში დაბრუნება! ეს არის ექვსი გოგო, მათ შორის, ორი წლის ტყუპი და და ხუთი ბიჭი. უმცროსი დაბრუნებული ბავშვი ორი წლისაა, ყველაზე უფროსი კი 16 წლის,“ წერს ლუბინეცი.


ლუბინეცის ცნობით, უკრაინელები კატარის დახმარებით და UNICEF-ის მხარდაჭერით, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის დახმარებით დაბრუნდნენ.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.