ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო: მე-8 სხდომის შემდგომი ერთობლივი განცხადების დეტალები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რამაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ, დამოკიდებული იქნება ქვეყნის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების თვალსაზრისით.


ასოცირების საბჭომ გაიმეორა ევროკავშირის ვალდებულება, გააძლიეროს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას 2021-2027 წლებში. ასოცირების საბჭომ გაიხსენა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება, ხელს უწყობს პირობების შექმნას ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის, რაც გამოიწვევს საქართველოს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე.


ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ბევრ სექტორში, როგორც აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ. ამ მხრივ მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გახდა ევროკავშირის წევრობის მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და მთელი პოლიტიკური სპექტრი.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული პარტიათაშორისი თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგი. ასოცირების საბჭომ შეაქო საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა პოლიტიკის შემუშავების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, არსებითი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას.


ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეზინოფრმაციასთან, ანტიევროპულ რიტორიკასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ასევე მოუწოდა საქართველოს, გადადგას არსებითი ნაბიჯები ამ კუთხით. ამავე დროს, აღნიშნა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა. ამასთან, ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კერძოდ, პროკურატურა, ყველა სასამართლო, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტი.


„ევროკავშირმა აღნიშნა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს აერთიანებთ ერთობლივი გადაწყვეტილება, გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა ჩვენს საზოგადოებებში. ევროკავშირმა აღნიშნა ის სამუშაო, რომელიც შესრულდა საკანონმდებლო ჩარჩოს და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლებლობების, ორგანიზების გასაუმჯობესებლად.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი ძალისხმევა იყო საჭირო სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის გასატარებლად, განსაკუთრებით სასამართლოს და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.


„ასოცირების საბჭომ აღნიშნა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად და უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას.


ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების მეორე ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის მიღება. ასოცირების საბჭო მიესალმა სამუშაოს, რომელიც გატარდა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, გენდერული ნიშნით და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე გაწეულ სამუშაოს.


ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს გაგრძელების და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გაძლიერებული პატივისცემის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ შორის გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის, ასევე ადამიანის უფლებადამცველი ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის,“ – ნათქვამია დოკუმენტში.


ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით გაწეული სამუშაო, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობას მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით. ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებლად და ეფექტიანად ფუნქციონირების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის დასაძლევად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის ძალისხმევის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებას და მის ქმედებებს ევროკომისიის რეკომენდაციების მიმართ.


ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ძლიერ მოლოდინს, რომ არსებითად გაზარდოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან და მოუწოდა საქართველოს სრული თანხვედრის უზრუნველყოფის მიმართულებით პროგრესისკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროაქტიულ ჩართულობას და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.


ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და დაადასტურა მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მოგვარების და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი საქართველოში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი, მათ შორის მომავალი მე-60 რაუნდისადმი, რომელიც სრულყოფილად მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან (IPRMs) ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით.


  • „ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ, რაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საბჭომ დაგმო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების მიერ საქართველოს სამოქალაქო პირის, თამაზ გინტურის, მკვლელობა. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო.

ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულება. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს და, მანდატის შესაბამისად, მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას.


ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომლებმაც დაადასტურეს რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.


ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობა, ასევე დაადასტურა შერიგებისა და ჩართულობისკენ მიმართული ძალისხმევისადმი მხარდაჭერა,“ - წერია განცხადებაში.