ჩიქოვანი NATO-საქართველოს კომისიაზე: უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იყო, ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია

„ჩვენ გვაქვს შეხვედრები NATO-ს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განცხადებები, რომლებიც NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს NATO-ს მხრიდან აქვს და ასევე, მიგვითითებს იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გენერალურ მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც NATO-სთან გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, NATO-საქართველოს კომისია, ეს იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.


მეორე მხრივ, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო NATO-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი იმისათვის, რომ ნატოს რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


თავდაცვის მინისტრმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებს ეხებოდა.

„დეტალებთან მიმართებით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი სამიტია, რომელიც თან საიუბილეოა. ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც საქართველოსა და NATO-ს აქვთ, ალბათ, ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.