უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ ზაფხულში იქნება. უფრო კონკრეტულად კი, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც ივნისის დასაწყისშია.


„შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ სკრინინგის პროცესში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ჩემი საუკეთესო ვარაუდით, ის მზად იქნება არა ევროპის არჩევნებამდე, არამედ, მის შემდეგ, რადგან მე ვხედავ, რომ პოზიციების შემუშავებას დრო დასჭირდება... მაგრამ ვფიქრობ, რომ სადღაც ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში, ჩვენ მზად ვიქნებით,“ - განაცხადა ლაიენმა.


არსებობდა ვარაუდი, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო უფრო ადრე იქნებოდა მზად და მთავრობათაშორის კონფერენციაზე, მარტის სამიტის შემდეგ, დამტკიცდებოდა.

ევროკომისიამ პროექტზე მუშაობა იანვარში დაიწყო. ევროკავშირის მარტის სამიტზე, სავარაუდოდ, შეფასდება უკრაინის ბოლო ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

 ევროკომისიამ იანვარში დაიწყო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა - დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.