საფრანგეთი გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა თავდაცვის ტექნიკის მიწოდებაზე, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად მუშაობას ამ სფეროში და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს რაიმე ესკალაცია,“ - განაცხადა მაკრონმა.
მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს.
„აქაც ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. გაძლიერდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მიუკერძოებელ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დაუცველი მოსახლეობის უსაფრთხოებას სამხედრო საკონტაქტო ზონებში. სომხეთმა ასევე უნდა ისარგებლოს მშვიდობის ევროპული ინსტრუმენტებით. ევროკავშირს და სომხეთს სურთ ახალი პარტნიორობის გრაფიკი,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.