ბერბოკი ლავროვის პირისპირ: ადამიანთა სიცოცხლეს, საკუთარ ხალხს თუ აფასებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ომი

„თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი,“ მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.


„თუ რუსეთი შეაჩერებს ამ ომს ახლა, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება,“ განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.


მინისტრები ერთ მაგიდასთან ისხდნენ. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ ბრაზილია, უკრაინიდან 10 000 კილომეტრში, შეიძლება, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებულად აღიქვამდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უბიძგებს ყველას, მტკიცედ დაიცვან ძირითადი პრინციპები, რადგან რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი.

„ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს. რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი,“ - აღნიშნა ბერბოკმა.