რუსული მხარის განცხადებით, რუსეთის ოლქებზე სარაკეტო და დრონებით შეტევები იყო.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში უკრაინული ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც სახმელეთო დარტყმისთვის იყო გადაკეთებული.
„აღიკვეთა კევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ უპილოტო საჰაერო აპარატის და ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტის გამოყენებით, რომელიც სახმელეთო სამიზნეების განადგურების მიზნით გადაკეთდა,“ - აცხადებენ უწყებაში.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი გაანადგურეს. მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კლინცოვსკის რაიონში ჩამოაგდეს. მისი მტკიცებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.