უცხოელებს უფლება მისცეს, უკრაინის ეროვნულ გვარდიაში იმსახურონ. უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 21 თებერვალს ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, უცხოელებს და „მაქალაქეობის არმქონე პირებს“ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში სამსახურის უფლება ექნებათ.
„უცხოელები, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ადრე არ იყვნენ ნასამართლევი და აკმაყოფილებენ სამხედრო სამსახურის მოთხოვნებს, როგორც ეს განსაზღვრულია უკრაინის კანონით „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შეიძლება, მიღებულ იქნენ ნებაყოფლობით საფუძველზე (კონტრაქტით) უკრაინის ეროვნულ გვარდიაში სამხედრო სამსახურისთვის,“ - ნათქვამია განკარგულებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ხელისუფლება მობილიზაციის მცდელობის გაძლიერებას ცდილობს.
უკრაინის ეროვნული გვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილია და ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ გვარდია ფრონტის წინა ხაზზეც იბრძვის.