„როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს,“ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის. მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს.
როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო. მანამდე კი გვახსოვს გადატვირთვებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთების კომფორტის გამო, მაშინდელი სამეზობლოს შემავიწროებელი დღეს გლობალური მასშტაბის აგრესორად იქცა. კარგი იქნებოდა, თუ ზოგიერთების თვალსაწიერი და მეხსიერების კალენდარი არა 2022 წლიდან, არამედ 1801 წლიდან, 1921 წლიდან, ან თუნდაც, 1989 წლიდან დაიწყებოდა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ოპოზიციის კრიტიკისას განაცხადა, რომ „რუსეთის საკითხის“ უპასუხისმგებლო სპეკულირება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შეგნებული და გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას.“
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად
„წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. ჩვენი მამაცი სამხედროები იბრძოდნენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ ყველგან, სადაც ვჭირდებოდით ჩვენს მეგობრებს. არც ერთი წამით, არცერთი სანტიმეტრით, არცერთ ადგილას უკან არ დაგვიხევია. შევდიოდით იქ, სადაც სხვები ვერ ბედავდნენ; ვასრულებდით სხვებისთვის შეუსრულებელ მისიებს და ოპერაციებს; იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად სხვებსაც მშვიდად სძინებოდათ. საქართველოს, ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს - ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.