უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში პოლიგონს დაარტყეს, სადაც რუსი სამხედროები წვრთნებს გადიოდნენ.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, პოლიგონზე თავდასხმის ჯგუფები გადიოდნენ წვრთნებს, რომლებსაც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკზე თავდასხმაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა.
ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ სულ მცირე სამი დარტყმა განხორციელდა ნოვა კახოვკის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 20 თებერვალს დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე პოლიგონზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 68 რუსი სამხედრო დაიღუპა.