გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 50 ახალი სანქცია დააწესა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების სამიზნე ის ფიზიკური პირები და კომპანიები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს. სანქციების სიაში ასევე მოხვდა სამი ჩინური, ორი ბელორუსული, ერთი თურქული და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია.
სანქციები დაუწესდა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს: 14 ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან ისეთი საბრძოლო მასალის წარმოებასთან, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სამხედრო აღჭურვილობაში გამოყენებული სხვა მნიშვნელოვანი მასალები, ასევე, რუს იმპორტიორებსა და ჩარხების მწარმოებლებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემებისა და კომპონენტების წარმოებაში, დაწყებული რაკეტებიდან და ძრავებიდან, დამთავრებული ტანკებით და მოიერიშე თვითმფრინავებით. ასევე, ალმასის მწარმოებელი ორ რუსულ კომპანიას, სპილენძის, თუთიის და ფოლადის მწარმოებლების ხუთ აღმასრულებელს ან მფლობელს და სხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.
„სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის შეიარაღებას ისეთი საბრძოლო მასალებით ამარაგებს, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ახალი სანქციების სამიზნეს, ასევე, წარმოადგენს რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროები,” - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.