გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მმართველი კოალიციის წინადადებას, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, თუმცა Taurus-ის რაკეტებზე ჩანაწერის გარეშე. ინიციატივას მხარი დაუჭირა 382-მა დეპუტატმა, 284-მა კანონმდებელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა კი, თავი შეიკავა.
აღნიშნულ წინადადებაზე კენჭისყრამდე, ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების წინადადება გერმანიის პარლამენტს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ბლოკმა წარუდგინა.
Taurus-ის გადაცემის სასარგებლოდ ხმა მისცა მმართველი კოალიციის წევრმა, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა.
გერმანული გამოცემა t-online კი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ჯგუფები დოკუმენტში ნახსენებ “შორი მანძილის რაკეტების” სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციას ახდენენ. კერძოდ, “მწვანეებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ რომ სწორედ Taurus-ის რაკეტები იგულისხმება. ამავდროულად, “სოციალ-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის მოადგილე, გაბრიელა ჰაინრიხი ამბობს, რომ დოკუმენტი “აუცილებელი არ არის” Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებდეს.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ ჩერნევი, რომელიც ბუნდესტაგში კენჭისყრას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ მიღებული რეკომენდაცია სწორედ Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებს.