რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთში პოლიტიკური მუხლებით, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მხოლოდ ბოლო საპრეზიდენტო ვადის დროს გაასამართლეს, საბჭოთა პერიოდის, ნიკიტა ხრუშჩოვის და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროინდელ იმავე მონაცემებს აღემატება.
ამის შესახებ გამოცემა „პროექტი“ წერს. მისი მიხედვით, ბოლო ექვს წელიწადში უშუალო რეპრესია შეეხო დაახლოებით 116 ათას ადამიანს (არაა გათვალისწინებული პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობა და პანდემიის პერიოდის დარღვევები).
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც „პროექტის“ დახასიათებით კანონის პოლიტიკური ან ადმინისტრაციული მუხლების მიხედვით გაასამართლეს.
ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდის ექვსწლიან ეტაპზე, 1956 წლიდან 1961 წლამდე, როცა საბჭოთა მოქალაქეებს სჯიდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციის და ინფორმაციის გავრცელებისთვის, 4883 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში. ამავე ბრალდებით, ბრეჟნევის მმართველობის ერთ მონაკვეთში, 1968–1973 წლებში გაასამართლეს 1057 პირი.
ამ დროს საბჭოთა კავშირში იყო მმართველი იდეოლოგია, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა. რუსეთი კი საკონსტიტუციო -სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის უფლებებს სახელმწიფო უნდა იცავდეს. „პროექტის“ გამოკვლევის ავტორებმა თავიანთი ეს ნაშრომი მიუძღვნეს კოლონიაში ალექსეი ნავალნის სიკვდილს, რასაც ისინი "მკვლელობას" უწოდებენ.
ექსტრემიზმის, რომელიც ტერორიზმს ამართლებს, ე.წ „ფეიკების“ და არმიის დისკრედიტაციის მუხლებით 2028 წლიდან 2024 წლამდე, „პროექტის“ გამოთვლით, გაასამართლეს 5613 ადამიანი. თუ ამას დავუმატებთ, მათ რიცხვს, ვინც უარი თქვა უკრაინაში ბრძოლაზე, ასევე სახელმწიფოს ღალატში და ჯაშუშობაში ბრალდებულებს, ეს რიცხვი 11442-ს უდრის. დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი ადმინისტრაციულ დევნას, კერძოდ, ნებადაურთველ აქციებში მონაწილეობის მუხლით დაექვემდებარა.