„აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბიზნეს-სექტორთან რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, სადაც დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში ხდება ეკონომიკის სფეროში არსებული სიახლეების და ტრენდების, გეგმებისა თუ პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ლევან დავითაშვილმა სავაჭრო პალატის წევრებს გააცნო ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, მათი განვითარების სურათი და დინამიკა, ასევე სტრატეგიული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
„სექტორების კუთხით, ეკონომიკური ზრდა განაპირობა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორებში. ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებისა და ფისკალური დისციპლინის წყალობით, საქართველომ მოახერხა ფისკალური დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირება 2022 და 2023 წლებში, გადააჭარბა ადრინდელ პროგნოზებს და შესაბამისად, დაახლოებით 2,5% და 39,3%, მიაღწია. საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოეფიციენტი მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებს შორის და მშპ-ს მიმართ 6-8%-ის ფარგლებში მერყეობს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა არახელსაყრელი გარემოს წინაშე მდგრადობა და უზრუნველყო ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე ფართო რეგიონისა და ევროპულ ქვეყნებს შორის. მიუხედავად რთული გარე ფაქტორებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პანდემიამდელ დონეზე შეინარჩუნა.
„მთლიანობაში, საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა მდგრადობა წარსული ეკონომიკური კრიზისების მიმართ, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მოკლევადიანი ღონისძიებების პარალელურად შექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად. ამასთან, მძიმე დროსაც კი საქართველომ უზრუნველყო სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პირველადი ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია ევროკავშირთან და აშშ-სთან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მისი თქმით, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-საქართველოს ურყევი პარტნიორობა დღესდღეობით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
„შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. კერძოდ, მას მე-4 ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვაში 10%-იანი წილით. ასევე, აშშ-ის წილი FDI-ში 9%-ს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკიდან შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა. ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ კომპანიებს შეერთებულ შტატებში, გავაცნოთ მათ საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმაოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ-ს ბიზნეს-საზოგადოებასთან,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.