მოლდოვის სუვერენიტეტისადმი დამუქრების გამო, ევროკავშირმა ექვსი პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საბჭომ დააწესა სანქციები ექვსი პირისა და ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოლდოვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევ და ძირგამომთხრელ ქმედებებზე, ან ემუქრებიან მას.


„მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის უკანონო შეჭრით უკრაინაში. ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები სერიოზულია, მძაფრდება და გრძელდება.“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, მოლდოვასადმი ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. ყველას, ვინც აღნიშნულ სანქციებს ექვემდებარება, ეკრძალება ევროკავშირში შესვლა და ევროკავშირის ქვეყნებში მისი აქტივები გაიყინება.


სანქციების სიაში არიან: Telesistem TV SRL-ის გენერალური დირექტორი არინა კორშიკოვა, რომელიც ფლობს ტელეარხებს Primul-ს მოლდოვაში და Accent TV-ს; Media Resurse-ის ხელმძღვანელი დუმიტრუ ჩიტოროაგა, რომელიც ფლობს ტელეარხებს TV6 და Orhei TV; ყოფილი დეპუტატი მარია ალბოტი, რომელიც დაკავშირებულია გაქცეულ ოლიგარქთან ილან შორთან;  გაგაუზიის ბაშკანის მოადგილე ვიქტორ პეტროვი; რუსეთის FSB-ის ოპერატიული დაზვერვის დირექტორატის უფროსის მოადგილე დიმიტრი მილუტინი.

მოლდოვის პრემიერმა საბჭოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს.