ზელენსკიმ ისაუბრა, რა დაასრულებს ომს სწრაფად

რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, სწრაფად დასრულდება, როდესაც მსოფლიო საბოლოოდ გააცნობიერებს პუტინის რეჟიმის გლობალური საფრთხის ნამდვილ დონეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუშგანაცხადა.

„პუტინმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. ის არაადეკვატური ადამიანია, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება და NATO-ს განადგურების სურვილის შესახებ აცხადებს. ის შეეცდება ამის გაკეთებას. როდესაც მსოფლიო ამას მიხვდება, ომი დასრულდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჯერ არ არის მზად რუსეთში რეჟიმის შეცვლისთვის.

„მსოფლიო ნამდვილად არ არის მზად იმისთვის, რომ პუტინმა დაკარგოს თავისი ძალაუფლება. მსოფლიოს ეშინია ცვლილებების რუსეთის ფედერაციაში. შეერთებულ შტატებს, ევროპის ქვეყნებს და გლობალურ სამხრეთს შეუძლიათ ცვლილებების მოტანა," - აღნიშნა ზელენსკიმ.


ამასთან, ზელენსკის განცხადებით, პუტინი არ დაასრულებს ომს, ვიდრე არ წააგებს მას და არ გაიგებს, რომ ოკუპაციის უფლება არ მისცემენ, ამიტომ, კიევი კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება.

„ვიცით რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ისტორია. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი, მათ თავიდანვე დაიკავეს ყირიმი და დონბასი - და ჩვენ გვქონდა დოკუმენტები: მინსკის შეთანხმება, ნორმანდიის ფორმატი გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან.


გვქონდა გაცვლის, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებები - ყველაფერი, რაც ახლა ბევრ ქვეყანას სურს ჩვენგან ომის დასასრულებლად. ის (პუტინი) არასოდეს გაჩერდება, სანამ ამ ომს არ წააგებს. ჩემი სიგნალია: ნუ მოითხოვთ მინსკის შეთანხმებების განმეორებას ჩვენი ტერიტორიის სხვა ნაწილში. არა - არანაირი ახალი გაყინული კონფლიქტები, არ მჯერა მათი და არ ვენდობი,“ - აღნიშნა ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში. მისი თქმით, პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა და მთელი მსოფლიო არ მისცემს მას უკრაინის ოკუპაციისა და განადგურების შესაძლებლობას.


აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუ Fox News-მა ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ჩაწერა. ტელეკომპანიის ჟურნალისტი პრეზიდენტთან გამართულ სამხედრო ბრიფინგს და სამხედროებისთვის მედლების გადაცემას დაესწრო, ასევე მოინახულა ბრძოლებში დაჭრილი ჯარისკაცები.