უკრაინამ კიდევ ერთი რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
„A-50-მა, ზედმეტი სახელით „ბაიანი“ საკმარისი იფრინა! ვულოცავ ოკუპანტებს „სამშობლოს დამცველის დღეს"! სახლში უნდა იზეიმოთ!
მადლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და ყველას, ვინც შედეგი უზრუნველყო!
მუშაობას ვაგრძელებთ! ერთად გამარჯვებისკენ!” - წერს ოლეშჩუკი.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ეისკსა და კრასნოდარს შორის ჩამოვარდა.
ცნობისთვის, ეს უკვე მეორე რუსული A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავია, რომელიც უკრაინამ ჩამოგდო. პირველი თვითმფრინავი 15 იანვარს იყო განადგურებული და აზოვის ზღვაში ჩავარდა.
უკრაინამ ერთ კვირაში 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.