ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის.


„უკვე დავიწყეთ [უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ, ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან - ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, 21 თებერვალს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩარჩო ივნისამდე არ იქნებოდა მზად, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.