სუნაკი: დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერაში მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში უფრო გაბედული უნდა იყოს, რათა ქვეყანას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, დრონები და საბრძოლო მასალა მიაწოდოს და რუსული სამხედრო წინსვლა აღკვეთოს.

სუნაკის თქმით, მისი ქვეყანა და დასავლელი დემოკრატიული მოკავშირეები არ უნდა დამორჩილდნენ მზარდ პესიმიზმს, რომელიც არსებობს მოსკოვის დამარცხებაში კიევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.


„როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, რატომღაც, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია. დიახ, უნდა ვიყოთ რეალისტები, მაგრამ არასოდეს არ დავუჭიროთ მხარი მარცხის მიმღებლობას, რაც მხოლოდ პუტინის მიზნებს ემსახურება,“ - აღნიშნა სუნაკმა.

მისივე თქმით, დასავლეთმა ასევე უნდა გამოიჩინოს მეტი გაბედულება რუსული აქტივების ჩამორთმევის კუთხით.

„პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად,“ - წერს სუნაკი ბრიტანულ The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.