NYT: უილიამ ბერნსი უკრაინას საიდუმლო ვიზიტით ეწვია

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი უკრაინას 15 თებერვალს ფარულად ეწვია, რათა დაემშვიდებინა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის ფინანსური დახმარების ახალ ოდენობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების ფონზე. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს ბერნსის მეათე ვიზიტია უკრაინაში ორი წლის განმავლობაში. The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო კონტაქტები 2014 წლიდან არსებობს.


გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა უკრაინელმა დაზვერვის ოფიცერმა ამერიკელ კოლეგებს ჰკითხა, მიატოვებდა თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მათ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ.

„ეს ადრე მოხდა ავღანეთში, ახლა კი, მოხდება უკრაინაში,“ - ციტრებს გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს.


ამ კომენტარის საპასუხოდ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა:

„ჩვენ ვაჩვენეთ მკაფიო ვალდებულება უკრაინის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში და ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იმისა, რომ აშშ-ის ვალდებულება გაგრძელდება.“

CIA-ს ხელმძღვანელი კიევში გასულ კვირაში იმყოფებოდა.

The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უკრაინაში, რუსეთთან საზღვართან 12 საიდუმლო ბაზას ინარჩუნებს. The New York Times-ის მასალა ეფუძნება 200-ზე მეტ ინტერვიუს ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.