ზელენსკი: მაკრონი უკრაინაში მალე ჩამოვა და დახმარების ახალ დეტალებს გაასაჯაროებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს მომავალში ეწვევა უკრაინას.

„ჩვენ ველოდებით ემანუელ მაკრონის უკრაინაში ჩამოსვლას და ის აქ იქნება. როდის იქნება ის - უსაფრთხოების მიზეზების გამო, კონკრეტულ თარიღს არ ვამბობ, ეს მალე იქნება," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ზელენსკის თქმით, მაკრონის ვიზიტით, "უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კიდევ რამდენიმე დეტალი გამოჩნდება: მნიშვნელოვანი, ახალი."

„თუ არტილერიაზე ვსაუბრობთ, ემანუელმა იცის, რომ ჩვენ მადლობელი ვართ CAESAR-ის სისტემებისთვის, ის კარგად მუშაობს... ჩვენ ველით რამდენიმე ათეულ საარტილერიო სისტემას საფრანგეთის მხრიდან და ჩვენი პარტნიორებისგან. ჯერ კიდევ არის რაღაცეები, მაგრამ მათ შესახებ მოგვიანებით. როცა ჩამოვა," - განაცხადა ზელენსკიმ.

16 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის დროს, მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევში ჩავა.

მაკრონის ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია.