უკრაინული ბიზნესის 90%-ზე მეტი ომამდელ დონეს უბრუნდება - შმიგალი

უკრაინული ბიზნესის 90%-ზე მეტმა მუშაობა განაახლა და ომამდელი წარმოების დონეს უბრუნდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.

„სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინის გამძლეობა ჩვენი თავდაცვის ძალების გმირობის და უკრაინული ბიზნესის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია,“ - განაცხადა შმიგალმა.


შმიგალის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე უკრაინის ეკონომიკა 30%-ით დაეცა. ბევრი ექსპერტი ეკონომიკურ კატასტროფასაც კი წინასწარმეტყველებდა.

უკრაინის პრემიერის თქმით, ადაპტირება, აქტიურობა, კრიზისების მართვა და მთავრობის დროული მხარდაჭერის პროგრამები დაეხმარა უკრაინულ ბიზნესს გადარჩენასა და აღდგენაში.

„დღეს უკრაინული საწარმოების 90%-ზე მეტმა განაახლა მუშაობა და უბრუნდება ომამდელი წარმოების დონეს,“ - დასძინა შმიგალმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აღდგენის ყველაზე მაღალ ტემპს აჩვენებს ისეთი დარგები, როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, შიდა ვაჭრობა.