ბულგარეთმა ჯაშუშობაზე ეჭვების გამო, რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ბულგარეთის სახელმწიფო უშიშროების სააგენტომ (SANS), რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) სახელით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ორ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Novinite იტყობინება.


როგორც მედია წერს, აკრძალვა მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პირები ბულგარეთში სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდნენ. 

„ამ ორ პირს აეკრძალა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა და დარჩენა ხუთი წლის ვადით, როგორც იძულებითი ადმინისტრაციული ღონისძიება ბულგარეთის რესპუბლიკაში, რადგან არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი მოქმედებენ ბულგარეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ,“ აღნიშნულია SANS-ის პრესრელიზში.

ეჭვმიტანილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ცხოვრობდნენ.