კულება უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნიდან რუსეთის თავდასხმის შემდეგ წასულ უკრაინელებს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნდნენ და მის გადარჩენაში პირადი წვლილი შეიტანონ.


ირლანდიურ გამოცემა The Irish Times-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ პატივს სცემენ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და ამასთან, ყველა უკრაინელს მოუწოდებენ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ ადამიანს ეს არჩევანი არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ვისაც არჩევანი აქვს, უნდა დაბრუნდეს და უკრაინას ბრძოლასა და გადარჩენაში დაეხმაროს.


2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინა 6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მათი უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს.

4 მილიონზე მეტი უკრაინელი ევროკავშირში სარგებლობს დროებითი დაცვის მექანიზმით, რომლის მოქმედების ვადა 2025 წლის მარტში იწურება.

ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.