27-29 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები სონია აიხვედე (SPD), იან პლობნერი (SPD), კარსტენ მიულერი (CDU/CSU), სუზანე ჰირლი (CDU/CSU), ჯანან ბაირამი (Bündnis 90/Die Grünen), ტორსტენ ლიბი (FDP) და შტეფან ბრანდნერი (AfD). დელეგაციის ხელმძღვანელია კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინქელმაიერ-ბეკერი (CDU/CSU).
გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში.
„თბილისში ყოფნის დროს დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად, პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს „უკრაინულ სახლში,“ - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.