რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებულმა ფონდმა „რუსული სამყარო“ [„რუსკი მირ“] 2023 წელს რუსეთისდამი მეგობრული/არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო „შედარებით მეგობრულ ქვეყნად არის მიჩნეული. არამეგობრულ ქვეყნებად მიიჩნიეს უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. ამავე კატეგორიაში 2023 წელს მოლდოვაც შეიყვანეს.
კვლევა ეხება მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს და ასევე, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, რომლებსაც კრემლში დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებენ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შედარებით მეგობრულად მიიჩნიეს. მეგობრული ქვეყნების სიას სათავეში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი უდგას. მეორე ადგილზეა ბელორუსი, მესამეზე - ოკუპირებული აფხაზეთი. ამავე სიაში არიან შუა აზიის ქვეყნები – ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. მეგობრულ ქვეყნებად კვლევაში მიჩნეულნი არიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც, თუმცა, ერევანი რუს ექსპერტებში „განგაშის საფიძველს იწვევს.“
„ყველაზე მეტად გაუარესდა სომხეთის მაჩვენებლები, რაც ექსპერტების განგაშს იწვევს. პოლიტიკური რიტორიკა და ქვეყნის ხელმძღვანელობის გამოსვლები რუსეთის მიმართ სულ უფრო არამეგობრული ხდება,“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები. აღნიშნული კვლევის მიხედვით, შედეგები დამოკიდებულია 400 რუსი და უცხოელი ექსპერტის გამოკითხვაზე, კვლევის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, სახელმწიფო დოკუმენტების ანალიზზე, მედიარესურსებსა და სახელმწიფოს ლიდერების განცხადებებზე.
„რაც შეეხება საქართველოს, მიხი პოზიცია თითქმის იმავე [2022 წლის] დონეზე დარჩა. მართალია, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ატარებს ნათლად ანტირუსულ ხასიათს, შერბილდა ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, განახლდა ავიამიმოსვლა, ქართული ახალგაზრდობა აქტიურად ინტერესდება რუსული საგანმანათლებლო პროექტებით და ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში,“ – წერია კვლევაში.