სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის FSB-ის სასაზღვრო ჯარების ყოფნა უნდა შეწყდეს.
„ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ისინი (რუსი მესაზღვრეები - IF) დატოვებენ აეროპორტს,” - აღნიშნა მან.
სიმონიანის თქმით, სომხეთს შეუძლია საკუთარი საზღვრების კონტროლი და დაცვა.
„ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი (რუსი მესაზღვრეები - IF) დაიცავენ ჩვენს საზღვრებს," - განაცხადა სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელმა.
კითხვას, განიხილავს თუ არა სომხეთი 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას, მან უპასუხა: „ძალიან ჩქარობთ.“
მან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში ერევნის როლზეც ისაუბრა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა წევრობა გაყინა.“
„სომხეთი CSTO-სგან პასუხს ელის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროს შესახებ,“ განაცხადა ალენ სიმონიანმა.
„ერთი კითხვა დავუსვით CSTO-ს, რომელიც უპასუხოდ დარჩა, სად არის CSTO-ს პასუხისმგებლობის ზონა, ცნობთ თუ არა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს, რა საზღვრებში შეუერთდა სომხეთი CSTO-ს? - განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს სამშაბათს.
ცნობისთვის, 1992 წლიდან რუს მესაზღვრეებს ზვარტნოცის აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ.